20-05-2018

ქართული არმია 100 წლის წინ - გენერალ გიორგი კვინიტაძისადმი მიძღვნილი გამოფენა რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია სამხედრო ფორმა, რომლითაც ქართული არმია საუკუნის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავდა.

გიორგი კვინიტაძე ქართული ჯარის მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო, რომელიც საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. თავის წიგნში „ჩემი პასუხი“ სწორედ 1921 წლის თებერვლის მოვლენებს იხსენებს და მაშინდელი ქართული ჯარის სამხედრო ტაქტიკას, ძლიერ და სუსტ მხარეებს აღწერს.

გენერლის ჩანაწერები და პირადი ნივთები რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოფინეს, რომელსაც მისი შვილიშვილი ესწრებოდა.

„არ წარმომედგინა, თუ საქართველო მას ასე აღიარებდა. გენერალმა კვინიტაძემ ყველაფერი გააკეთა საქართველოს თავისუფლებისთვის. ამიტომ არის ჩემთვის 26 მაისი განსაკუთრებული თარიღი,“ - განაცხადა გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა, მერაბ ოდიშელიშვილმა.

გამოფენაზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიას თქმით, გენერლის სამოსი აღადგინეს, რითაც ისტორია გაცოცხლდა.

„სიმბოლურია, რომ გენერლის შვილიშვილი ჩვენთან ერთად ზეიმობს. ეს არის სწორედ იმ პასუხისმგებლობის გაგრძელება, რა პასუხისმგებლობითაც გენერალმა და მისმა თანამებრძოლებმა საფუძველი ჩაუყარეს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას საქართველოში,“ - განაცხადა მინისტრმა.

რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია საგარეო სამინისტროს სტენდი "დიპლომატიის მუზეუმი". დამთვალიერებელი ახავს 1918-1921 წლების ფოტოებს და დოკუმენტებს.

სტენდი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დაათვალიერა.

„ის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა, იყო საუკეთესო იმ პერიოდში და ის არის დღესაც ერთ-ერთი სამაგალითო. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ევროპული მისწრაფებების კუთხით. პირველი რესპუბლიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს, იდგმებოდა პირველი ნაბიჯები და ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება, როგორც ევროპის ნაწილის. სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.